სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში” 2018 წელი შეაჯამეს.
„დელტას“ ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა მედიასთან დეტალურად ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც 2018 წელს განხორციელდა. მისივე თქმით, განვითარება ყველა მიმართულებით მოხდა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით.
დელტას ხელმძღვანელი 2018 წლის მთავარ მიღწევად „დიდგორი მეომარს” მიიჩნევს.
„შევქმენით ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” და დამატებით კიდევ ორი მოდული: 23- მილიმეტრიანი ცეცხლის მართვის მოდული და 120- მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემა, რომლის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა IDEX-ის გამოფენაზე მოხდება. ეს არის ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომელიც გამოფენიდან პირდაპირ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში მიემართება, რათა გამოსცადონ და სამხედროებმა შეაფასონ. მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი” წარმოადგენს უნივერსალურ მოდულურ პლატფორმას სხვადასხვა დანიშნულებისა და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის. ჯავშანმანქანა გამოირჩევა ძლიერი შეჯავშნით, მაღალმანევრულობითა და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით”, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
„დიდგორი მეომარის” მანქანის ეკიპაჟი ხუთი კაცისგან შედგება. კორპუსის უკანა ნაწილი მოდულურ ნაკვეთურს წარმოადგენს, რომელზეც მანქანის მოდიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია, სხვადასხვა დანიშნულების მოდულის მიბმა, როგორიცაა ავტომატიზირებული ნაღმმტყორცნის მოდული, სადაზვერვო მოდული, ტანკსაწინააღმდეგო მოდული, საზენიტო მოდული, რადიოქიმიური დაზვერვის მოდული და სხვა.