სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „აფხაზინფოზე“ დაყრდნობით აცხადებს, რომ გია უდესიანი და დათა ახალაია აფხაზეთში იმყოფებიან 
სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „აფხაზინფოზე“ დაყრდნობით აცხადებს, რომ გია უდესიანი და დათა ახალაია აფხაზეთში იმყოფებიან 

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი ხელისუფლება სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მისი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გია უდესიანი იმყოფებიან, რომლებიც ზუგდიდში, არჩევნებისთვის დესტრუქციული ჯგუფების შემოყვანას გეგმავენ.

„აფხაზ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია. მათი მცდელობაა, გარკვეული გავლენა მოახდინონ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებზე. ერთია, რომ გადმოიყვანონ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები და მათ მიაცემინონ ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ და მეორე – მოახდინონ პროვოკაცია“ – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველაფერი კეთდება დესტრუქციული ძალების გასაძლიერებლად და პროვოკაციების მოსაწყობად.

ლევან ნიკოლეიშვილი არჩევნებისთვის საშიში სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს.

„ეს ადამიანები, ვინც აფხაზეთს მხრიდან აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ, თავადაც არ არის ამ ფაქტით კმაყოფილები. ისინი არ გამორიცხავენ, ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული დადებითი ურთიერთკავშირები გართულდეს. ყველაფერი იგეგმება, რათა გარკვეული დესტრუქციული ძალები გაძლიერდეს და სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ ზუგდიდში. შესაძლოა, სახელმწიფოსათვის საშიში სცენარები ვიხილოთ“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში სახელმწიფოს მიმართავს და სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება თვალები დავხუჭოთ. აქ საუბარი, რომ არ მოხდეს არეულობა, დესტაბილიზაცია და გარე ძალების ჩარევა. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შეიძლება ამოვიკითხოთ ამ სცენარიდან, ეს არის რუსეთი. რუსეთს იმიტომ ვამბობ, რომ ის არის ოკუპანტი ქვეყანა და ეს ქვეყანაა ის, რომელსაც ყველაზე მეტად აწყობს არეულობა ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.