სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო თბილისში კიდევ 134 საბავშვო ბაღის შენობას ამოწმებს
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ამ ეტაპზე თბილისში მდებარე 134 საჯარო ბაღის შენობას ამოწმებს. ამის შესახებ პირველ არხს ბიუროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შემოწმების შედეგები მათი დასრულებისთანავე ეტაპობრივად გადაეგზავნება დამკვეთს, ბაგა-ბაღების სააგენტოს.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე 28 ბაღის შენობის ექსპერტიზა დასრულდა.
ექსპერტიზის თანახმად, 16 ბაღს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, 10-ის კი დემონტაჟი უნდა მოხდეს. სადემონტაჟო ბაღებია: N19, N28, N43, N47, N84, N96, N125, N6, N14, „ვარკეთილის მეურნეობა”.
მათგან სამი – N19, N84, N125 ბაღები უკვე დაიხურა, კიდევ ერთი, 109-ე ბაღის დახურვის გადაწყვეტილება კი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გუშინ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მიიღო.
სააგენტოს მონაცემებით, ბავშვები იმ ბაღებიდან გაიყვანეს, სადაც, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყველაზე მწვავე მდგომარეობა იყო და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო სააღმზრდელო პროცესი.
რაც შეეხება იმ ავარიულ ბაღებს, რომელთა რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, ესენია: N2, N4,N55, N155, N3, N66, N100, N119, N126, N170, N200, N21, N144, N150, მხედველობადაქვეითებულთა ბაღი, სმენადაქვეითებულთა ბაღი.