სამი წლის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი აცხადებს, რომ გამოძიება არასრულფასოვნად ტარდება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი წლის წინ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პროკურატურას უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.
როგორც პრესკონფერენციაზე გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, მისი შვილის გარდაცვალების საქმეში იკვეთება რესპუბლიკური საავადმყოფოს არაერთი თანამშრომლის მხრიდან არასწორი მკურნალობა და დოკუმენტების გაყალბება, ასევე ხელმძღვანელობის ბრალეულობა, თუმცა, მისი თქმით, საქმეზე, სამი წელია, არასრულფასოვანი გამოძიება ტარდება და არ ხდება საჭირო მტკიცებულებების ამოღება.
მისი თქმით, პასუხისგებაში ორი თანამშრომლის – ექთნის და თერაპიული განყოფილების ყოფილი უფროსის მიცემა არასაკმარისია.
ჩარკვიანის განცხადებით, მათგან ერთ-ერთს, რომელსაც გულგრილობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, ამნისტია ეხება.
როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე აცხადებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორის, ლევან გოფოძის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება, თუმცა გამოძიება არ ცდილობს ამის გარკვევას.
ჩარკვიანის თქმით, ორი თვის წინ ჩაბარდათ პროკურატურის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოდან ამოღებულ სერვერებზე ექსპერტიზის კვლევის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 12 დღეში წაიშალა. წაშლის ფაქტს დაზარალებულის ოჯახი საეჭვოდ მიიჩნევს და ფიქრობს, არ წაშლიდნენ, მათი საწინააღმდეგო რომ არ ყოფილიყო.
ამასთან, ჩარკვიანმა პრესკონფერენციაზე წერილი წარადგინა, რომლის მიხედვით, მისი მოთხოვნის პასუხად გოფოძე სექტემბერში წერს, რომ მისთვის საინტერესო პერიოდის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ მოეპოვებათ, რადგან კამერები გამოსულია მწყობრიდან და ვიდეოჩაწერა არ ხორციელდება.
„თუ გოფოძის წერილს დავეყრდნობით, ჩაწერა საერთოდ არ ხდებოდა და ამ არგუმენტით მითხრა უარი ჩანაწერების გადმოცემაზე, თუმცა ჩემი ამ მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში წაიშალა ჩანაწერები და ეს დაადგინა სერვერებიდან ექსპერტიზის კვლევამ, სადაც აღნიშნულია, რომ ჩემთვის უარიდან რამდენიმე დღეშია ჩანაწერები წაშლილი. რატომ წაშალა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ და მანამდე რატომ მითხრა უარი გოფოძემ, და თქვა, რომ ჩაწერა არ ხდებოდა, ანუ იცრუა, ეს გამოძიების კვლევის საგანი უნდა იყოს, თუმცა გამოძიება არასრულფასოვნად ტარდება, მფარველობს გარკვეულ პირებს, არ იღებენ სათანადოდ მტკიცებულებებს, რომლებიც გამოკვეთდა არაერთი პირის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კოვიდ-19-ზე მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა და 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. გამოძიება იმავე წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულის ოჯახის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პასუხისგებაში ექთანი თეა ბეგიაშვილია მიცემული, მას მსჯავრი დოკუმენტების გაყალბებისთვის დაედო და წელიწადნახევრიან საპატიმრო სასჯელს იხდის, გირაო აქვს შეფარდებული თერაპიული განყოფილების ყოფილ უფროსს, ქეთევან ცერცვაძეს, მას ბრალად ედება გულგრილობა, თუმცა დაგეგმილი ამნისტია ეხება.
პროკურატურასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.