სამგორის გამგებელი - „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, ბაღის ტერიტორია უფრო დიდდება
სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა 2017 წელს კანონის სრული დაცვით გაიცა.
„კორპუსის მშენებლობის უფლება გაიცა 2017 წელს კანონის სრული დაცვით. ადამიანების გარკვეული ჯგუფის მიერ იქნა გაპროტესტებული ეს მშენებლობა, რის შემდეგაც, ამ მშენებლობის პროცესი გარკვეული პერიოდით შეჩერდა დამატებითი კვლევისთვის. საუბარი იყო, რომ ბაღს ემუქრებოდა საშიშროება და ამბობდნენ, რომ მშენებლობის უფლება უკანონოდ გაიცა. მოხდა ამის კვლევა და დადგინდა, რომ არაფერი უკანონო არ იყო
ყველაფერი კანონის ფარგლებშია“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.
მისივე თქმით, ინვესტორებთან შეთანხმებაც არსებობს, რომელიც მათ ბაღის კეთილმოწყობას ავალდებულებს.
„რაც შეეხება ბაღს, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, ბაღის ტერიტორია უფრო დიდდება და გარკვეული შეთანხმებაც არის ინვესტორთან, რომ ვალდებულება აიღოს ამ ბაღის კეთილმოწყობაზე. ბაღის საკითხი მოგვარებულია, უფრო კეთილმოწყობილი სკვერი იქნება.
სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეული ჯგუფი ცდილობდა, რომ ინვესტორი საკუთარ ტერიტორიაზე არ შეეშვა, თუმცა მათ თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და შეაღწიეს ტერიტორიაზე და განახორციელებენ მშენებლობა“, – განაცხადა სამგორის გამგებელმა.
ვარკეთილში, ზემო პლატოზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციაზე დაპირისპირება მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა, რის შსემდეგაც, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირი დააკავა.