ვარკეთილში, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე დაპირისპირებისას ოთხი პირი დააკავეს
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე დაპირისპირებისას ოთხი პირი დააკავეს

ვარკეთილში, ზემო პლატოზე „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირი დააკავა. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს დაკავებულები 166-ე მუხლის საფუძველზე არიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულთა შორის არის სამშენებლო კომპანიის დირექტორიც.

ვარკეთილში, ზემო პლატოზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციაზე დაპირისპირება მოსახლეობასა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც ადგილობრივებთან ერთად მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა.

ადგილობრივების პროტესტს „ევროპული სამშენებლო კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. გიორგი ბენაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. მისივე თქმით, კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს. გიორგი ბენაშვილის აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიაზე ნაკვეთები თვითნებურად აქვთ შემოღობილი და მათი დათმობა არ სურთ. ბენაშვილი ასევე ამბობს, რომ საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.