საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის ძალების საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.
„წელს სწავლების საველე კომპონენტში პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში ასევე პირველად იქნება წარმოდგენილი სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.
საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სწავლების მონაწილე ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის თქმით, რომელიც აზერბაიჯანულ კონტინგენტს წარმოადგენს, ძალიან სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ სწავლებაში ჩართული არიან თურქ და ქართველ კოლეგებთან ერთად.
„მე წარმოვადგენ აზერბაიჯანულ კონტინგენტს, რომელიც Eternity 2021 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩართული ვართ აღნიშნულ სწავლებაში ჩვენს თურქ და ქართველ კოლეგებთან ერთად. ეს წვრთნები დაგვეხმარება ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის გამოცდილების გაზიარებაში“, – განაცხადა სწავლების მონაწილე სამხედრო მოსამსახურემ.