სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინგი მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინგი მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული რეგულაციების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მოსახლეობის მასობრივი თერმული სკრინინგი მიმდინარეობს.

აღნიშნული რეგულაციის აღსრულება სოფელ ზედაეწერიდან, მას შემდეგ გადაწყდა რაც, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ზედაეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.
მასობრივ თერმულ შემოწმებას, ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად შეხვდა.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, გაძლიერებულია საპოლიციო ძალების მობილიზება და ისინი მანქანების გადაადგილებას აკონტროლებენ. აღნიშული შეზღუდვის ფარგლებში, იკრძალება მანქანაში სამ პირზე მეტის ყოფნა.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცს, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მკურნალობას განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ ეტაპზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხუთი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტიის მუნიციპალიტეტში.