სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებსა და ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებსა და ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასრულდა ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის დეზინფექციის სამუშაოები. ჯამში დამუშავდა 262 საჯარო და კერძო სკოლა და 290 საბავშო ბაღი. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამუშავდა თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები და სპორტული ობიექტები. მუნიციპალიტეტებში დეზინფექცია უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუშავდება სახელოვნებო და სპორტული სკოლები. სასწავლო პროცესის დაწყებამდე სამი დღით ადრე მუნიციპალიტეტებში არსებული ყველა სასკოლო ტრანსპორტის დეზინფიცირება მოხდება.

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.