სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.

სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2019 წელს განხორციელდა. ასევე, ყურადღება გაამახვილია 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

აღინიშნა, რომ მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1061 პროექტი განხორციელდა, პროექტები კი თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე შეარჩია.

„2019 წელს რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტირდა 250 კილომეტრი საავტომობილო გზა, შენდება 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვიდ ხიდს. წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მასშტაბური პროექტები ხორციელდება ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ჯვარსა და ანაკლიაში. გაიწმინდა და მოწესრიგდა 102 კილომეტრი სადრენაჟე არხი. გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. მესტიის მუნიციპალიტეტის უშუქოდ დარჩენილ სოფლებს – ჰეშკილსა და ხალდეს ელექტროენერგია მიეწოდა“ ,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიამ 2020 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობა, მეტი ყურადღება დაეთმობა ტურიზმის განვითარებას, ახალგაზრდულ პრობლემებს.

ანგარიშის წარდგენამდე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია – პერფორმანსი მოაწყვეს და გუბერნატორს სიმბოლურად თხილი და კაკალი მოუტანეს.