სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები შეისწავლიან, ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგჩია აცხადებს, რომ ძლიერი ქარისა და წყალდიდობისგან რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისიები შეისწავლიან.
მისივე თქმით, ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები შვიდი ოჯახი დაიტბორა. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, სპეციალური კომისიები შეისწავლიან ზარალს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ.
სახელმწიფო რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა მესტიის მიმართულებით გზის საკითხზეც. მისი განმარტებით, ღამითვე მოხდა ზვავის შედეგად ცენტრალურ გზაზე ჩარჩენილი 19 მოქალაქისა და მანქანების ტერიტორიიდან გამოყვანა.
ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.