სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეებში 50 მოქალაქე რჩება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში 50 მოქალაქე რჩება. შემცირდა რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვიც და 115-ს შეადგენს.
თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის გამო, ზედამხედველობა 752 ადამიანს მოეხსნა.
ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 291 ადამიანი არის გადაყვანილი.
ასევე, დღეს გახდება ცნობილი კორონავირუსზე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი ორი პირის ტესტის პასუხი. ორივე პირი ინფიცირებული სპორტსმენის პირველად კონტაქტს წარმოადგენს.
რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს, ბოქსირებულ განყოფილებაში ერთი პაციენტი რჩება, რომელსაც კორონავირუსი აქვს. 50 წლამდე ქალი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 30 მარტს ზუგდიდში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.