სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 459 ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან 40-ზე პასუხი დადებითია. აქედან 27 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო 17 კი ახალი შემთხვევებია და ისინი რუხისა და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
„ერთი შემთხვევაა ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია. სამი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, სამივეზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიცირების წყაროების მოძიება. სამი შემთხვევა არის სენაკში, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა. ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ერთი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ორი კი ახალი შემთხვევაა და მათი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. ორი შემთხვევაა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ“, – განაცხადა თორიამ.
მისი თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 88 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა ოთხი პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდან გაეწერა სამი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 158 ადამიანი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.