სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რეკომენდაციების შესრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება.
„ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. 2013 წლიდან ზუგდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში. აშენდა ქალაქის #2, ანაკლიისა და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. 18 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სამზარეულოს, საპირფარეშოების, სანკვანძების, სასწავლო ოთახების, საძინებელი ოთახებისა და გათბობის მოწყობა. სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 62 საბავშვო ბაღია“, – აღნიშნულია ზუგდიდის მერიის ინფორმაციაში.