სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონის მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულ მერებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულ მერებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ გამარჯვებას. თქვენ ხალხმა დიდი ნდობა გამოგიცხადათ. ახლა ამ ნდობას მაქსიმალური გამართლება სჭირდება და ყველა იმ გეგმის და დაპირების შესრულება, რაც წინასაარჩევნოდ გაეცით. ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ უკეთესი მუნიციპალიტეტები“, – განაცხადა შეხვედრაზე ლევან შონიამ.
ასევე, სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან 2018 წელს განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებულს მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებმა რეგიონალური პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა ახლად არჩეულ მერებს განუცხადა, ყველა პროექტი უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების და ხარისხიანი. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა, ყველამ პირადად მიხედოს და გააკონტროლოს ჩაბარებული პროექტების მიმდინარეობა.