სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, დღეს სვანეთში იმყოფებოდა.
ალექსანდრე მოწერელია და მისი მოადგილე, ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ადგილობრივებმა უმთავრეს პრობლემად მოჭრილი ხე-ტყის გატანა დაასახელეს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხე-ტყის გატანას სოფელ ხაიშის მოსახლეობა 1 იანვრამდე, ეტაპობრივად შეძლებს. 1 იანვრიდან კი, ტყის ინვენტარიზაცია მოხდება და რეგულაციები ამოქმედდება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
„ჩვენთვის მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მათთან მოვედით და ადგილზე გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ვფიქრობთ, რომ ხალხთან დიალოგი აუცილებელია იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და მათთვის პრიორიტეტული პროექტები. შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხსა და პრობლემაზე ვისაუბრეთ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა მოწერელიამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კონტაქტი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინტენსიური.
„ჩემი მიზანია, დროულად გავეცნო არსებულ პრობლემებს და ხალხის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღო“, – განაცხადა გუბერნატორმა.
ალექსანდრე მოწერელია რეგიონის გუბერნატორად გასულ კვირაში დაინიშნა.