სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, რომლის თანამშრომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგებმა კვლევები ჩაატარეს
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული თვე-ნახევრის ჩვილის მამა, რომლსაც ასევე დაუდგინდა „კოვიდ-19“, მათი უწყების თანამშრომელია.
მისივე თქმით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ეპიდემიოლოგებმა კვლევები ჩაატარეს. ზაალ კაპანაძის თქმით, მათი სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
„თვე-ნახევრის ჩვილს ჰქონდა სიცხე, კლინიკაში შეყვანისთანავე მას კორონავირუსზე აუღეს ანალიზი. ბავშვს ჰქონდა სასუნთქი გზების ინფექცია და მას დაუდასტურდა ვირუსი. ანალიზი გაუკეთდა მის მშობლებსაც. მამა ჩვენი თანამშრომელია. ოჯახი არის კლინიკაში, მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება თანამშრომლებს, ახლო კონტაქტში მყოფებს ტესტირება ჩაუტარდათ და დაგიდასტურებთ, რომ ყველას უარყოფითი პასუხი ამოუვიდა. არაკონტაქტში მყოფ პირებს ეპიდემიოლოგების მხრიდან მიეცათ რეკომენდაცია და თვითიზოლაციაში იქნებიან 12 დღის განმავლობაში. ალბათ, შემდგომ მოხდება მათი ტესტირება“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. „კოვიდ-19“ დედ-მამას და მათ ორ შვილს დაუდგინდა, რომელთა შორის ერთ-ერთი თვე-ნახევრის ჩვილია. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, დედას და ჩვილს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო მამა და მეორე ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.