სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტის საქმიდან ორი შემთხვევის შესწავლა დაასრულა
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების ორი საქმის შესწავლა დაასრულა. აღნიშნული შემთხვევების შესწავლის შედეგად ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან აცნობეს.
სააგენტოს მიერ საქართველოს პირველი არხისთვის მიწოდებულ ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წლის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით, 14 პაციენტის შემთხვევის შესწავლა დაიწო. აღნიშნული შემთხვევებიდან 11 „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების საკითხს ეხება. ამჟამად, შესწავლა დასრულებულია ორ შემთხვევაში (ორივე შემთხვევა წარმოადგენს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების საკითხს). თუმცა, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ექიმების მხრიდან გადაცდომის ფაქტი არ გამოვლენილა.
რომელი პაციენტების გარდაცვალებას ეხება აღნიშნული ორი საქმე, უწყებაში არ აკონკრეტებენ.