სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში თამბაქოს მოწევა შესაძლოა, აღარ აიკრძალოს
სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში თამბაქოს მოწევა შესაძლოა, აღარ აიკრძალოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
ზოიძის თქმით, თამბაქოს მოხმარება საავადმყოფოებისა და უნივერსიტეტების ეზოებში დაშვებული იქნება სპეციალურად მოწყობილ ადგილებში.
„რამდენიმე საკითხია ამ კანონში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ღია სივრცეებში, გარკვეულ პირობებში პირველი მაისიდან აკრძალულია მოწევა. ესაა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოები“, – განაცხადა ზოიძემ.
აკაკი ზოიძის თქმით, საზოგადოებრივი მონიტორინგის მიხედვით, მსგავს ადგილებში მოწევის აკრძალვა გარკვეული კონფლიქტების მიზეზი ხდება. როგორც ზოიძემ განაცხადა, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის, „თამბაქოს კონტროლის ალიანსიც“ ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემა არსებობს.
„კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ გარკვეულ ადგილებში, ეზოებსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მოწევა დაიშვას. სექტემბერში ინიცირებას გავაკეთებთ და იმედია პარლამენტს დავარწმუნებთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, სკოლებში მოწევა კვლავ აკრძალული იქნება. რაც შეეხება სტადიონებს, სადაც მოწევა 2020 წლიდან უნდა აიკრძალოს, ძალაში იქნება.
აკაკი ზოიძემ ასევე თეატრალურ წარმოდგენებში თამბაქოს გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორის დასაბუთებაა საჭირო.
„რეჟისორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ეს აუცილებელია მხატვრული ჩანაფიქრისთვის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საქართველოში თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ძალაში პირველი მაისიდან შევიდა.