სამების ტაძარში გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების ტაძარში გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების – ლევან ჩოხელის, ზაზა ლორიას, დიმა ქააძის, ანდრო ქუჯოშვილის, მაშველების – კახა ტორჩინავას და გიორგი მარგიანის, ექიმების – ქეთი გულაგაშვილის და გიორგი ვენეცკის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდი 14:00 საათამდე გაიმართება.

სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდს გადაიხდის.

შსს-ს ინფორმაციით, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.