ზურაბ აზარაშვილი - სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ადამიანებმა ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ისინი ღირსეულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას
ზურაბ აზარაშვილი - სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ადამიანებმა ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ისინი ღირსეულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას

მინდა, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენმა ქვეყანამ ექიმების, მფრინავებისა და მაშველების სახით დაკარგა ღირსეული მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ტრაგიკულად დაიღუპნენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების მედლით – „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა,  განუზომელია ეს დანაკლისი, როგორც მათი ოჯახებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის.

„სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ადამიანებმა, ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ისინი ღირსეულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას. ეს ადამიანები ჩვენი თანამედროვეობის გმირები არიან. სიმამაცისა და პროფესიული თავდადების შესახებ მათ უამრავი ისტორია უკავშირდებათ, ეს უანგარო თავდადება ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის სამაგალითოა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისადმი რწმენას. ფასი, რომელიც მათ გაიღეს, ძალიან დიდია, მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას. გულითადად მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სამაგალითო და თავგანწირული ქმედებისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოოს გუდაურში ამ სამაშველო ოპერაციისას დაღუპული გმირები. მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს მათი აღზრდისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.