სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 14 მებრძოლის და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირებული ნეშტები გადმოასვენეს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ორმხრივი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.
ამასთან, მათივე ცნობით, ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, 15 პირს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი – 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე 90-იანი წლებისა და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 263 ოჯახებს უკვე გადაეცათ. დღეისთვის, 2 029 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.