სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
09:54, 17.11.2017
ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 63 საბრძოლო ვაზნა, 10 ხელყუმბარა, ოთხი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა და მსხვილკალიბრიანი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.
„აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.