სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - ხანძრის ქრობის სამუშაოებში 1 200 ადამიანია ჩართული, ძლიერი ქარი აფერხებს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში დაახლოებით 1 200 ადამიანია ჩართული, მუშაობს 120 ერთეულზე მეტი ტექნიკა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხდა, ძლიერი ქარი იწვევს კერების გაღვივებას, – ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე ძლიერი ქარი აფერხებს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს.
„ხდება გზების გაყვანა, წყლის მიწოდება, მაგრამ პროცესს ართულებს ძლიერი ქარი. რთულდება ავიაციის დახმარება. ამ დროისთვის რამდენიმე კერაა. რთულად მისასვლელი რელიეფია ცოცხალი ძალისთვის და რადგან ძლიერი ქარია, რიგ შემთხვევებში, გვაქვს პერიოდები, როდესაც ავიაციას უჭირს დახმარება. ამ დროს ხდება კერების გაღვივება. როგორც აღვნიშნე, კეთდება მაქსიმუმი, დიდი რესურსია მობილიზებული. დაახლოებით 1 200 ადამიანია ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში, 120 ერთეულზე მეტი ტექნიკაა გამოყენებული, თუმცა ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხდა“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ოთხი ვერტმფრენი შეუჩერებლად მუშაობდა.
„გვაქვს პერიოდები, როდესაც ძლიერი ქარი ამოვარდება და ამ პერიოდში ვერტმფრენებს უჭირთ მუშაობა. არის მაღალი რისკი. დაკვამლიანების, ძლიერი ქარისა და მომატებული საფრთხის გამო, პერიოდულად ჩერდება ვერტმფრენები. ეს იწვევს კერების გაღვივებას. ხანძრის დიდი პერიმეტრი ლოკალიზებულია და შეიძლება ითქვას, ლიკვიდირებულიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ძალები, მეხანძრე-მაშველები, რადგან ჩვენ გვაქვს წიწვოვანი ტყე და დაახლოებით 30-40 სანტიმეტრი მიწის გრუნტშია ნაკვერჩხალი გაღვივებული. ჩამქრალ ხანძარს სჭირდება კონტროლი. გვაქვს რამდენიმე ღია კერაც, სადაც ძალების მაქსიმალური მობილიზება ხდება“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.