საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ქვაბისხევსა და აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი და დამუშავება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ქვაბისხევსა და აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი და დამუშავება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მისი თქმით, ადგილზე ამჟამად მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი და დამუშავება.

რაც შეეხება გუშინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახალ კერას, თემურ მღებრიშვილის თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და ლიკვიდირების სამუშაოები შესაძლოა, დღის ბოლომდე დასრულდეს.

„ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. პარალელურად ჩართულია ვერტმფრენიც, სტაბილურად მივდივართ სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის. ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, დღის ბოლოს სავარაუდოდ ამ ლოკაციაზეც გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას. რთულს ვერ ვიტყოდი, ალბათ იყო ურთულესი. ხედავთ, რა რთული რელიეფია, ფიზიკურად მისვლა ძალიან ჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფმა, ოპერატიულმა მოქმედებამ, ასევე მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ტრაქტორებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზებამ მოგვცა საშუალება, გზები გაგვეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ამასთან, თემურ მღებრიშვილის თქმით, რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარს, ქრობის პროცესში სამაშველო ძალები მუშაობენ. მისი თქმით, ადგილზე იმყოფება თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი.

„პარალელურად, მოკლე პერიოდში ორი ვერტმფრენი ჩაერთვება. სტაბილური სიტუაცია გვაქვს, თუმცა გვაქვს ღია კერები“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.