სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კანდიდატურა მოხსნა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბერიძემ კანდიდატურა მოხსნა და რექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
როგორც პირველ არხთან მერაბ ბერიძე საუბრობს, აპირებს, საქმიანობა სამეცნიერო სფეროში გააგრძელოს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ აკადემიური საბჭო 31 იანვარს ღირსეულ რექტორს აირჩევს.
“რექტორობის ექვსი კანდიდატი ვიყავით, ახლა კი ხუთია დარჩენილი. ბევრი ვიფიქრე და კანდიდატურა მოვხსენი. მირჩევნია, სამეცნიერო საქმიანობას მივხედო. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მეცნიერებას უნდა მოვახმარო. იმედი მაქვს, რომ აკადემიური საბჭო ღირსეულ რექტორს აირჩევს”, – განაცხადა მერაბ ბერიძემ.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის, ამჟამად ხუთი კანდიდატი იბრძვის: მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია, თინა გელაშვილი და რევაზ ზედგინიძე.
არჩევნები 31 იანვარს გაიმართება. რვა წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო, ოთხი წლის ვადით ახალ რექტორს აირჩევს.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, 2017 წლის 3 ივლისს ჩატარდა. ოთხი გაბათილებული ბიულეტენის გამო, პროცესი ჩაიშალა.
11 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩია.