„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაციის ცნობით, ანგარიში მოიცავს 2021 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 3 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 15, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13, სოციალური ქსელით აგიტაციის – 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 8 ფაქტი.
მათივე განმარტებით, გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
„გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები. მონიტორინგის პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ.
საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის შეეფასებით, მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება.
„საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო. ასევე, დაფიქსირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს; ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „ევროპული საქართველოს“ რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს;
საანგარიშო პერიოდში გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს მედიით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია, საარჩევნო პროცესში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესახებ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა ტენდენციად ქცეულ სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე სიღრმისეული მოკვლევა ჩაატარონ და საზოგადოებას დასაბუთებული და დამაჯერებელი პასუხი გასცენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით საჯარო მოსამსახურეთა აგიტაციის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სათანადოდ არ ფასდება შესაბამისი ორგანოების მიერ“, – აღნიშნულია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური, კვლავ მმართველი პარტიაა, ასევე არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებმა, ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს, რომლებიც, მათივე განმარტებით, ძირითადად, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული.
„აქტიურობით გამოირჩევა პარტია „საქართველოსთვის“ კამპანიაც. ტენდენციის სახე ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას. „ქართული ოცნება“, უმეტესად, უარს ამბობდა დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე.
ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „სამართლიანი არჩევნები” არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიაში ჩართულობისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა. ასევე დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული ფაქტები.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „დროას“ ოფისის დაზიანება ზუგდიდში – ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს „დროას“ ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ ოფისში შევარდა ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პარტია „დროას“ და მის ხელმძღვანელ ელენე ხოშტარიას;
„სამართლიანი არჩევნები“ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების და მათი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში.