„სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენლები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებენ
სამოქალაქო ინიციატივის, „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ და კულტურულ-ურთიერთობათა ცენტრის, „კავკასიური სახლის“ წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს და მოქალაქეებს 23 მაისს, 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
„კავკასიური სახლის“ წარმომადგენლების განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში არ შემუშავდება ეკონომიკური განვითარების კონცეფცია კვალიფიციური მეცნიერების მიერ, ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
ამასთან, „კავკასიურმა სახლმა“ უმასპინძლა პრესკონფერენციას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მწერალმა ნაირა გელაშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, ეკონომისტმა დავით ადეიშვილმა, პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ და სხვებმა.
ნაირა გელაშვილის თქმით, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, ნაბიჯი უნდა გადადგას მის გადასარჩენად.
„ვისაც დღეს კიდევ შესტკივა გული და უნდა, რაღაც გაიბრძოლოს, ნაბიჯი მაინც გადადგას ამ დაღუპული ქვეყნის გადარჩენისთვის. ყველას მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ 23 მაისის აქციაზე. ახლა დიდი ეროვნული ენერგიის შეკრება მოხდა და ეს უნდა იქნას გამოყენებული. არ შეიძლება ამის ღალატი, რადგან რიონის ხეობის ხალხმა თავი გადადო, ეს თავგანწირვაა. ექვსი თვე ადამიანურ ცხოვრებაზე თქვა უარი და წინ რა აქვთ, არავინ იცის. ყველას მოვუწოდებთ, გავიბრძოლოთ უკანასკნელად. ვფიქრობ, დიდგორის ომის მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვცხოვრობთ გემზე, რომელიც ორი მესამედით უკვე ჩაძირულია, ცოტაც და ვერაფერს ვუშველით. ხომ დგება ხოლმე ყოფნა არყოფნის საკითხი, ასეთი მნიშვნელობა აქვს დღეს ამ ომს. არაფერი დარჩება ჩვენი ულამაზესი სამშობლოსგან.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოცხადდეს მორატორიუმი საერთოდ ყველა ჰესზე, ვიდრე არ შემუშავდება ეკონომიკური განვითარების კონცეფცია ნორმალური მეცნიერების მიერ. რომლებიც არ არიან მოსყიდული, ხელს არ მოგიწერენ საყდრისის აფეთქებაზე. ასეთი ფსევდომეცნიერები ჩვენ არ გვჭირდება. არიან პატიოსანი ეკონომისტები, ენერგეტიკოსები და სხვები. უნდა შეიმუშაონ ეკონომიკური განვითარების კონცეფცია და იქ აღმოჩნდება, გარწმუნებთ და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, სულ არ არის საჭირო მდინარეების დაგუბება და განადგურება, რათა ჩვენ განვვითარდეთ“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.
ამასთან, როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ნამახვანჰესის აქციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი რეგიონებიდან ჩამოდის.
„თბილისში რეგიონებიდან ჩამოდიან და მათ სჭირდებათ ღირსეულად დახვედრა. ამიტომ ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს ფეისბუქგვერდი „თბილისი არის თანადგომა“, სადაც ნებისმიერ თბილისელს შეეძლება, რეგისტრაცია გაიაროს და რამდენიმე ადამიანი, რამდენი ადამიანის მიღების შესაძლებლობაც აქვს, შესთავაზოს ღამის გასათევი და გაუწიოს მასპინძლობა, რაც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე აქციაზე მოსვლა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.