„სამართლიანი არჩევნები“ - ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
ორგანიზაციამ წარადგინა სპეციალური ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში საქართველოს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების შესახებ.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროვებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული შერჩევითი მიდგომის თაობაზე.
მიხეილ ბენიძე ინსპექტირების ბუნდოვან კრიტერიუმებზე საუბრობს და განმარტავს, რომ დასკვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები ვერ პასუხობს სკოლის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას.
„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებულია სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების დრამატულად წარმოჩენაზე. საქმის გარემოებების სწავლის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის დასკვნა ორიენტირებული არ არის სკოლის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის გაუმჯობესებაზე, რაც შიდა აუდიტის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ბენიძემ.
ორგანიზაცია განათლების სამინისტროს მოუწოდებს, არჩევნების წინ თავი შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან, ხოლო პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.