„სამართლიანი არჩევნები“ რვაპროცენტიან დისბალანსთან დაკავშირებით ოქმების წარდგენას საგამოძიებო კომისიაში გეგმავს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის წერის ეტაპზეა, რადგან პროცესები გაიწელა.
რაც შეეხება პარალელური დათვლის შედეგებში დაფიქსირებულ რვაპროცენტიან დისბალანსს, ნინო დოლიძის თქმით, ეს ტექნიკური შეცდომა იყო.
„მივიჩნევ, რომ ეს ნამდვილად ტექნიკური შეცდომა იყო, თუმცა ორგანიზაციამ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, როცა მენეჯმენტი შეცვალა და ამიტომ ვარ მე აქ, რომ ეს გადაწყვიტა ორგანიზაციამ და მენეჯმენტი შეცვალა. რაც შეეხება შემაჯამებელ ოქმებს, ახლა ორგანიზაცია არის საბოლოო ანგარიშის წერის პერიოდში, რადგან ეს პერიოდი გაიწელა, ორგანიზაციას არ ჰყავდა დირექტორი, თუმცა გამგეობამაც გააკეთა განცხადება იმ რვაპროცენტიან დისბალანსთან დაკავშირებით. საბოლოო ანგარიშში ჩვენ წარმოვადგენთ უფრო დეტალურად“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
კითხვაზე, დათანხმდება თუ არა მისი ორგანიზაცია მმართველი გუნდის მოთხოვნას რვაპროცენტიან დისბალანსთან დაკავშირებით ოქმების წარმოდგენის შესახებ, ნინო დოლიძემ აღნიშნა, რომ თუ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ორგანიზაცია ოქმებს წარადგენს.
„მკითხეს, კომისია თუ შეიქმნება საგამოძიებო, ცხადია, ოქმებს წარმოვადგენთ, მაგრამ ანგარიშში ეს ოქმები არ იქნება. აქ იქნება ის ტენდენციები, რაზეც იყო საუბარი და საკმაოდ პრობლემური იყო გარკვეული ოქმები, რაზეც არ იყო საუბარი ადრე, ამაზეც ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.
კითხვაზე – მარტივი ნათქვამი ხომ არ არის, რომ იყო ტექნიკური შეცდომა, რადგან „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებს ეყრდნობოდა ოპოზიცია, როდესაც განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამ პოზიციას მოჰყვა პროცესების პოლიტიკურ ჩიხში შეყვანა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ მისი მხრიდან არაკორექტული იქნება იმ პროცესებზე საუბარი, როდესაც ორგანიზაციაში არ მუშაობდა.
„იმ დროს სხვა ორგანიზაციას წარმოვადგენდი. მე, რაც ვნახე, ფორმულაში რეალურად დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა და ეს არ იყო მიზანმიმართული, რაზეც შეიძლება, კითხვის ნიშნები ყოფილიყო. ვნახე ისიც, რომ ეს შედეგები მანდატებზე არ აისახებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, იყო სხვაობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა უფრო მეტად იყო გამოყენებული პოლიტიკურად, ვიდრე რეალურად იყო, თუმცა, ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება იმ პროცესებზე საუბარი, რომელშიც არ ვიყავი ჩართული. სწორედ იმიტომ ვარ ჩართული, რომ ორგანიზაციამ აქტიურად გააგრძელოს მონიტორინგი მაღალი ხარისხით და გამჭვირვალედ. უფრო მეტად იყო პედალირება, ვიდრე ეს იყო პრობლემა, რადგან „სამართლიანი არჩევნების“ ეს შეცდომა არ იყო ამ არჩევნების მთავარი პრობლემა“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა 2020 წლის 25 დეკემბერს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.