„სამართლიანი არჩევნები“ - მუქარა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, სისხლის სამართლის დანაშაულია
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად და ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სალომე ზურაბიშვილზე სავარაუდო მუქარის ფაქტი, – ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 9-10 და 11 ნოემბერს მას და და მის შვილებს, სმს და ხმოვანი შეტყობინებებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. კანდიდატის განცხადებით, მუქარა რეალურია, ვინაიდან, მისი თქმით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედროები, რომლებიც, საკუთარი სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებულნი არიან ”ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მუქარა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად და ეფექტურად მოახდინოს რეაგირება და მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს სავარაუდო მუქარის ფაქტი. „სამართლიანი არჩევნები“ აქამდეც შეშფოთებას გამოხატავდა პოლარიზებული საარჩევნო გარემოსა და მზარდი აგრესიული რიტორიკის გამოვლენის ფაქტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.
შსს-ს განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.