სალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროსა და არასამთავრობოებს მიმართავს, მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება მოახდინონ
სალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროსა და არასამთავრობოებს მიმართავს, მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირება მოახდინონ

ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ  სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში  და პირადად ჩემთვის ქართული ვაჟკაცობის, ღირსებისა და თავდადების სიმბოლოა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სოციალურ ქსელებში თანხვედრილი იდენტური ტექსტები მიუთითებენ, რომ სხვადასხვა პირისგან წარმოთქმული მუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.

„ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისთვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთი პოლიტიკური მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერი.  წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რეაგირებისთვის უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს.

„მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ. ასევე, მივმართავ საზოგადოებას და კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაა, სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან  წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მისი 11 ოქტომბრის მიმართვა რეაგირების გარეშე დარჩა.

„ჩემი პირველი  მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს  დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ პასუხისმგებლობას, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა“, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა,  რომ 9, 10 და 11 ნოემბერს მისი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად მის მიმართ, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები განხორციელდა, სადაც ნათლად იყო  გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.