„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრს უნდა დაექვემდებაროს
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრს უნდა დაექვემდებაროს

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, გასულ არჩევნებზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩარჩოებს გასცდა და საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების არეალად გადაიქცა.

აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის რეკომენდაციაა, უმჯობესია უწყებათაშორისი კომისია პრემიერ-მინისტრს დაექვემდებაროს და კომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და შემდგომი რეაგირების მექანიზმები კანონით გაიწეროს.

აღნიშნული შესახებ საუბარია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს წარადგინა.

ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის, უწყებათაშორისი კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შეფასებას. ანგარიშში ასევე, შესულია 42 რეკომენდაცია.

„სამართლიანი არჩევნების“ ერთ-ერთი რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისთვის საჭიროა პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება და  გადაწყვეტილებების მიღებისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადების მანდატი და ნდობა ექნება.

ასევე, ორგანიზაცია პრიორიტეტულად მიიჩნევს, გატარდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და გადაიხედოს ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.

„კერძოდ, მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიებში უზრუნველყოფილი იყოს პარიტეტის პრინციპზე დაფუძნებული, დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა, სადაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ ექნება დომინანტური მდგომარეობა. ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების რეფორმა უნდა მოიცავდეს პროფესიული წევრების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენებისგან გამიჯვნის მყარ გარანტიებს. გრძელვადიან პერსპექტივაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიული ნიშნით შერჩევას. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აზრით, მიზანშეწონილია შემცირდეს საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, გახანგრძლივდეს მათი შერჩევის ვადები და სავალდებულო გახდეს საუბნო კომისიის წევრთათვის საარჩევნო სერტიფიკატის ქონა, რაც შესაძლებელს გახდის უფრო კვალიფიციური კადრების დასაქმებას და ხელს შეუწყობს დარღვევების რაოდენობის შემცირებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ცესკო-ს, გააუმჯობესოს საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პრაქტიკა, დეტალურად გაიწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიულ წევრთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესი, ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები. კონკურსის ერთ-ერთ სავალდებულო ეტაპად უნდა განისაზღვროს ღია გასაუბრება.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დავიწროვდეს თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ. ასევე, სამუშაო საათებში აგიტაციის აკრძალვა უნდა გავრცელდეს ა(ა)იპ-ებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და თანამშრომლებზე.

„საარჩევნო პროცესში საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის პრობლემის და ამ პრობლემაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არაეფექტური რეაგირების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საარჩევნო კოდექსში აგიტაციის განმარტება და დაზუსტდეს, რომ საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელის პირადი გვერდების საშუალებით აგიტაცია კოდექსის დარღვევას წარმოადგენს“, – მიიჩნევენ ორგანიზაციაში.

ასევე, ანგარიშისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საჩივრების განხილვის პროცესში პრობლემებს. ორგანიზაციის პოზიციით, აუცილებელია, საარჩევნო კოდექსში გადაიხედოს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები და დაკონკრეტდეს ბუნდოვანი დებულებები.

„საარჩევნო დავების განხილვისას გადაწყვეტილების მიმღები კომისიები არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ სავარაუდო დამრღვევის ახსნა-განმარტებებს, რაც სხვადასხვა დარღვევების გამართლებისთვის გამოიყენება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს კანონის ვიწროდ განმარტების პრაქტიკა და განხილვისას იხელმძღვანელოს კანონის მიზნიდან გამომდინარე. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ მკაფიო რეაგირება უნდა მოახდინოს საარჩევნო კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გამართული სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უპრეცედენტო კოორდინირებული თავდასხმის პირობებში უწევდათ საქმიანობა, რასაც თან ახლდა სოციალურ ქსელებში მადისკრედიტირებელი კამპანიები.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, რომ აღიკვეთოს საჯარო სამსახურში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისთვის ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების დავალების პრაქტიკა. ამასთან, დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა მოხდეს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ფიზიკური ძალადობის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის, არჩევნების გაყალბებისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევების გამოძიება.