სალომე ზურაბიშვილმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით კანონპროექტს ხელი მოაწერა
პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
აღნიშნული წესი ძალაში საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე შევა.
პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.