სალომე ზურაბიშვილმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დამწვრობის ცენტრში ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.
„მდგომარეობას მგონი ექიმებისგან უფრო კარგად გაიგებთ და აქ კომენტარის გაკეთების ადგილი არ არის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვებზე ბილბორდებსა და არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დამწვრობის ცენტრში პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად არ მისულა.
“არ არის ამისი ადგილი, მოვედი სულ სხვა რამისთვის. დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა. აქ ვარ მოსული როგორც ადამიანი და არა როგორც პოლიტიკოსი. არ მოვსულვარ პოლიტიკური კითხვებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.
ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ.