სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იური რატასს დღეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა ესაუბრა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას, ინვესტიციების ზრდას, ორმხრივი ვაჭრობის ზრდის პოტენციალს.
„დაიგეგმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბათუმის კონფერენციის ფარგლებში და სხვადასხვა საინტერესო საკითხი იყო განხილული ორმხრივ შეხვედრებზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მან საქართველოს პრეზიდენტის ესტონეთში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.
„საქართველოს პრეზიდენტის ესტონეთში ვიზიტი უნდა შეფასდეს ძალიან წარმატებულად. ესტონეთი არის ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უპირობო უჭერს მხარს და იზიარებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ნატო-ს წევრობას. ესტონეთის პრემიერი იზიარებს იგივე ნარატივს, რასაც საუბრობდა ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა მიხეილ ნინუამ.
მისი თქმით, საქართველომ ესტონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან მიიღო მზაობა და მხარდაჭერა ყველა წამოწყებაში, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში ახორციელებს.
სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო. ესტონეთის პირველმა პირმა, კერსტი კალიულაიდმა მას ტალინში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ასევე სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად, მიკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერა.