ვნანობ ნათია თურნავას წარდგენას, თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამისთვის, მას რომ უვადოდ არ გადაედო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, „მიუღებელი იყო, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეროვნული ბანკის მიმართ მუქარას დაემორჩილა“. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, უნდა გადადგეს“.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი და ეკონომიკის მდგრადობის ქვაკუთხედია, ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი კი, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა. ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად, მე პირადად, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, მივიჩნევ, რომ ჩემი მოვალეობაა სწორედ, რომ დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მოუღებელი იყო, თუ ერთ დონეზე მიუღებელი ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამდაგვარ მუქარას ეროვნული ბანკის მიმართ და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირსი საქციელია. ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება. საბჭოს ყველა წევრის, ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით, არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ გაფრთხილება, ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადგომების მთელი რიგი. უკვე გადადგა სამი ვიცე-პრეზიდენტი და ერთი პრეზიდენტის მრჩეველი. ამ მოვლენების შედეგად, გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ და სწორედ მათ მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდათ, ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. როგორც ვხედავთ, ამან თავისი გავლენა იქონია ასევე საზოგადოების განწყობებზე. მინდა, სწორედ საზოგადოებას მივმართო, ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამას არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს გამოსავალი, რიგი ნაბიჯების, რაც უნდა იყოს გადადგმული ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად. პირადად ჩემ მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონ ნათია თურნავას, და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამისთვის, მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და, პირიქით, თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დროა, ეროვნული ბანკის საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამზედველობის ფუნქცია.
„საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს პირველი რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელია, მიუხედავად სწორედ იმ სამი პირის, სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომისა, რადგან მათ გააჩნიათ კიდევ ორი თვის მანძილზე ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. ანუ, გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია, მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას, ასევე, საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა, საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება, ვიწრო ინტერესების გამო, პერსონალური თუ არაპერსონალური, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების გამო, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, მინდა, მივესალმო კერძო სექტორის, საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს სჭირდება ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. დღევანდელ ბრიფინგზე კი, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „სანქციების აღსრულების წესში ცვლილება მიმართული არ არის კონკრეტული სახელების, გვარების დაცვისკენ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს დაიცავს“.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.