სალომე ზურაბიშვილი უსამართლობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ჩემპიონატში ვერ მონაწილეობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამართლობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში ვერ მონაწილეობს.
როგორც პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ლორთქიფანიძე მკაცრი დისციპლინური სასჯელის გამო ვერ მონაწილეობს თამაშებში და ამით ქვეყანა ზიანდება.
„მინდა, ერთი საკითხი გავაჟღერო. ეს არის ის უსამართლობა, რაც ეხება თათია ლორთქიფანიძეს. გაუგებარია, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქალს, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილებები, როცა ადამიანს ბრინჯაოს მედალი აქვს, ასევე გავლილი აქვს დოპინგი და მასზე დიდი იმედები იყო ოლიმპიურ თამაშებში, რაღაც დისციპლინარული მკაცრი დასჯის გამო, ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. ამით ზიანდება ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ამ საკითხზე ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გაამახვილა ყურადღება. „როგორც ქალმა პრეზიდენტმა, არ შემიძლია, სინანული არ გამოვხატო, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ცნობილმა ქალმა ჩემპიონმა, თათია ლორთქიფანიძემ წელს მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, მიზეზით, რომელიც არც თუ ისე ნათელია. იმედი მაქვს, ეს დაკავშირებული არ არის ქალთა დისკრიმინაციასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გახსნის ღონისძიებაზე.
ბათუმში დღეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.