სალომე ზურაბიშვილი - შეწყალებაზე ბიძინა ივანიშვილისთვის კითხვის ფორმით არ მიმიმართავს, მსჯელობა არ ყოფილა, ვაცნობე, რადგან ეს არის ქვეყნის ნორმალური მართვის ფორმა, ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის კითხვის ფორმით არ მიუმართავს, არამედ აცნობა გადაწყვეტილების შესახებ.
„მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე. მინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, რადგან ეს არის ქვეყნის ნორმალური მართვის ფორმა. არ შეიძლება, რომ უცებ, სიურპრიზები შეაგდო. ყველანი უნდა იყვნენ გაფრთხილებული. მითხრა, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა ამირჩიეს და როცა შევხვდით – რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად (იცით, „ოცნების“ დახმარებით ამირჩიეს), მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, იზიარებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი შეხედულებას, რომ შეწყალება იყო გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში, პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ყოფილა ასეთი მსჯელობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
ამასთან, როგორც „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან შეატყობინა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს.