სალომე ზურაბიშვილი - სია მოცემულია, რა არის გასაკეთებელი, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას, შეუდგეს აქ მუშაობას
სალომე ზურაბიშვილი - სია მოცემულია, რა არის გასაკეთებელი, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას, შეუდგეს აქ მუშაობას

სია მოცემულია, რა არის გასაკეთებელი. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას, შეუდგეს აქ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამას გარდა, საზოგადოების პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული.

„საზოგადოების პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. საქმეა გასაკეთებლი, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში. დღეს არანაირი დესტაბილიზაციის დრო არ არის, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში, როცა რუსეთის ნებისმიერი რეაქცია მოულოდნელია. ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ ასევე ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა, როდესაც კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპიოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე. ამავე დროს, მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს.

რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. კიდევ ერთხელ, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, ყოველ შემთხვევაში ნაწილის, იმის, ვინც ასე იქცეოდა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას. შეუდგეს აქ მუშაობას, რათა ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი. მაგალითად, დავუბრუნდები იმ არაჩვეულებრივ იდეას, რაც მქონდა და წინადადება, რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას. შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იქნება მიძღვნილი, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ 2022 წლის ბოლომდე წარმატებულად. მგონია, კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს კომისიის თუ სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი სწორედ ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, სხვათა შორის კომენტარები დღეს უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, თუ გვინდა ევროპულობა და თუ ასეთი რამ შეიქმნება, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სხვლა, რადგან გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რათა მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც უნდა იყოს ჩვენი პოზიტიური შედეგი, წარმატება 2022 წლის ბოლოს. ასე რომ, არც იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება კი, მაგრამ საქმე ერთად რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ მივაღწიოთ მიზანს, შედეგს. დრო აღარ არის არც ვიღაცის ლანძღვის, არც სხვადასხვა ბრალდების, გადაბრალების და გადმობრალების. საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.