სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს სვლა ნატო-სკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული
საქართველოს სვლა ნატო-სკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა. ის სრულიად თავისუფლად აკეთებს თავის არჩევანს და ირჩევს თავის მოკავშირეებს.
„ჩვენი ეს არჩევანი არამხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი, ერთადერთი მომავალზე ორიენტირებული არჩევანი.
„ამიტომ, ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ გზას – მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატო-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სწავლებაზე.