სალომე ზურაბიშვილი - პროევროპული მთავრობის არჩევამდე ძნელი იყო პარტიის აღმოჩენა, რომელიც მხარს არ უჭერდა ევროინტეგრაციას, ეს გაკვეთილია საქართველოსთვის, ანტიევროპულ კამპანიას მიჰყავს პოლიტიკური მარგინალიზაციისკენ
სალომე ზურაბიშვილი - პროევროპული მთავრობის არჩევამდე ძნელი იყო პარტიის აღმოჩენა, რომელიც მხარს არ უჭერდა ევროინტეგრაციას, ეს გაკვეთილია საქართველოსთვის, ანტიევროპულ კამპანიას მიჰყავს პოლიტიკური მარგინალიზაციისკენ

საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას და ძალიან ბევრი ქვეყანააა ევროპაში, რომელსაც შეიძლება, შეშურდეს ევროენთუზიაზმის ასეთი დონე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პოლარიზაციამ ზეგავლენა მოახდინა ქართული ტოლერანტობის იმიჯზე.

„ბოლო მოვლენებმა გვანახა, რომ ეს ცოცხალი რჩება. საქართველომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რუსეთის 80 000 მოქალაქე მიიღო. მოდით, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იმ ქვეყნიდან მიიღო მოქალაქეები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს და აწარმოებს საშინელ აგრესიას ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ. ეს მოხდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, რაც მეტყველებს საქართველოს ტოლერანტობაზე. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით, მაგრამ ამას თან უნდა სდევდეს ნათელი სახელმწიფო რეგულაციები, რომ ტოლერანტობამ არ მისცეს გზა იმედგაცურებასა და ესკალაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქალთა როლი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოს ისტორიაში.

„გენდერული თანასწორობა არის მცნება თანამედროვე ეროვნული ეპოსის ცენტრში, შოთა რუსთაველმა მე-12 საუკუნეში თქვა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია“. ეს კვლავ გვანახებს იმ როლს, რასაც თამაშობდნენ ქალები ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მეოთხე საუკუნეშიც წმინდა ნინომ ქრისტიანობა გაავრცელა საქართველოში. თამარ მეფე საქართველოს მართავდა მე-12 საუკუნეში, ოქროს ხანაში. საქართველოში ძალიან ადრე მიეცათ ქალებს ხმის უფლება და უფლება, ყოფილიყვნენ არჩეულები. მეფე ვახტანგ გორგასალმა ერთ სახელმძღვანელოში მოუყარა ყველა იმ მიმართულებას თავი, რომელიც მართავდა საქართველოს მონარქიას, საეკლესიო კანონებს, შუა საუკუნეობრივ კანონებს, სამართლიანობის კოდექსს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის აღდგენას შემდეგ შექმნა პროევროპული პლატფორმა და მუდამ აღწევდა შესაბამის პროგრესს.

„პრეზიდენტმა გამსახურდიამ საქართველო დააბრუნა თავისუფალი ერების რუკაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პირველი ბიძგი მისცა. რეფორმების დღის წესრიგში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველ ადგილზე დააყენა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი. 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობის არჩევა მოხდა პროევროპული დღის წესრიგის თვალსაზრისით და მიაღწია წარმატებებს ამ მიმართულებით, მოხდა ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, 2016 წელს კონსტიტუციის ცვლილებები მოხდა, რათა იქ შესულიყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამოცანები. ეს გახლავთ ის, რაც არავის არ უნდა დაგვავიწყდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა არ ყოყმანობს, თუ რა გზას დაადგეს.

„მიუხედავად გამოწვევებისა და უცხოური აგრესიისა, საქართველოს მოსახლეობა არ ყოყმანობს, მან იცის, თუ რა გზას უნდა დაადგეს. ჩვენი მოსახლეობა გახდა საყრდენი პროევროპული კურსისა და ზოგჯერ ზემოქმედებას ახდენს მთავრობაზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას და ძალიან ბევრი ქვეყანააა ევროპაში, რომელსაც შეიძლება, შეშურდეს ევროენთუზიაზმის ასეთი დონე. პროევროპული მთავრობის არჩევამდე ძალიან ძნელი იყო რომელიმე პარტიის აღმოჩენა, რომელიც მხარს არ უჭერდა ევროპულ ინტეგრაციას. ეს გახლავთ გაკვეთილი საქართველოსთვის, ანტიევროპულ კამპანიას მიჰყავს პოლიტიკური მარგინალიზაციისკენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არასდროს დაუხევია უკან და არ შეუცვლია ევროპული კურსი.

„მიუხედავად რუსული ომისა, ოკუპაციისა, საქართველოს არასდროს დაუხევია უკან, არასდროს შეუცვლია ევროპული კურსი. ევროპული ინტეგრაციისთვის არ არის საჭირო მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია, მაგრამ ეს გახლავთ ეგზისტენციური გზა, ჩვენი დნმ-ის ნაწილი. ასობით ათასი მოქალაქე ევროპაში წავიდა ემიგრაციაში, ქართველები სწავლობენ ინგლისურს, ფრანგულს, სწავლობენ პარიზში, ბერლინში. ჩვენი პროევროპული პოზიცია გახლავთ ევროპული რბილი ძალის სიძლიერის გამოვლინება. რუსეთი მათთვის გახდა ანაქრონული წარსული და ევროპა ყოველგვარი კითხვის გარეშე გახლავთ საქართველოს მომავალი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.