სალომე ზურაბიშვილი - საქართველო დღეს არის ბევრად ძლიერი, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს, ზოგჯერ მუქარით გველაპარაკება
საქართველო დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებული, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს და ზოგჯერ მუქარით გველაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჩრდილოელი მეზობლისგან ხშირია მუქარის შემთხვევები. მისი თქმით, არის მცდელობა, ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებული იყოს საქართველოს დასასუსტებლად, თუმცა ზურაბიშვილის შეფასებით, ეს მცდელობა წარუმატებელია.
„დღეს და გუშინ კიდევ იყო რაღაც მუქარები ჩვენ მიმართ ჩვენი მეზობლისგან, ჩრდილოეთიდან. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ – ზემოქმედება, მცდელობა, გველაპარაკონ მუქარით. ეს გრძელდება და არის მცდელობა, ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებული იყოს იმისათვის, რომ შესუსტდეს საქართველო. რეალურად, ეს მცდელობა წარუმატებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო დღეს ბევრად დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებულია, ვიდრე ისურვებდა ის მეზობელი, რომელიც ზოგჯერ ეჭვით გვიყურებს და ზოგჯერ მუქარით გველაპარაკება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამხედრო აქტივობა განვითარდება, ეს ადრე თუ გვიან პრობლემას წარმოშობს. მისი თქმით, რუსეთს კარგად ახსოვს, საიდან დაიწყო უკრაინის პრობლემები. კარასინი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში საკითხი ახლაც იგივენაირად დგას.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებები რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის.