სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის შესაძლო აგრესიისთვის არანაირი გეგმა არ არსებობს, საქართველო არ არის უკრაინა, არ აქვს სამხედრო ძალა, ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი დასავლეთისთვის, ვფიქრობ, ეს არ მოხდება
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის შესაძლო აგრესიისთვის არანაირი გეგმა არ არსებობს, საქართველო არ არის უკრაინა, არ აქვს სამხედრო ძალა, ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი დასავლეთისთვის, ვფიქრობ, ეს არ მოხდება

რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევისთვის არანაირი გეგმა არ არსებობს, რადგან საქართველო არ არის უკრაინა, საქართველოს არ აქვს სამხედრო ძალა და ეს იქნება კიდევ ერთი კრიზისი დასავლეთისთვის, ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე დისკუსიისას მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით,  მშვიდობა არსებობს მაშინ, როდესაც ის არის სამართლიანი, მოსახლეობას აქვს თავისუფლება და ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა.

„ეს არჩევნები კი ჩვენი დასაცავია. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს არჩევნები მშვიდობიანად და გამოვხატოთ ჩვენი ნება. ქართველი ხალხის მობილიზაცია არჩევნებზე არის დღეს პასუხი. ნებისმიერ ფასად მშვიდობა არ არსებობს. მათ, ვინც ვიცით ისტორია, ასეთი რამ არ არსებობს. მშვიდობა არსებობს მაშინ, როდესაც ის არის სამართლიანი, როდესაც მოსახლეობას აქვს თავისუფლება და ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა დაისადგურებს. ეს მოხდება იმ დღეს, როდესაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ მას ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, აქვს საზღვრები, პატივისცემით უნდა მოეკიდოს, უნდა იცოდეს, სად გადის მისი საზღვრები. რუსეთმა უნდა სცეს პატივი საზღვრებს და მეზობლებს, მიიღოს ის, რომ საკუთარ საზღვრებში უნდა დარჩეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაისადგურებს გრძელვადიანი მშვიდობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უფრო მედეგია რუსეთის პროპაგანდის მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნები.

„მე არ ვფიქრობ, რომ გარედან არის შესაძლებელი ხალხის შიდა დაცვის გაძლიერება. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორია და გამოცდილება რუსეთთან მიმართებით, ჩვენ უფრო მედეგები ვართ რუსეთის პროპაგანდის მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რადგანაც ჩვენ ეს გამოვიარეთ. ხალხი ძალიან კარგად ხვდება რაც ხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა არის ორპარტიული, მაშინ როდესაც საქმე ეხება საქართველოს.

„ჩემი აზრით, უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკა ასევე იქნება ორპარტიული, რადგან რეალობაა უკრაინაში ისეთი, რომ არ ვფიქრობ, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა მოახდინოს ამის იგნორირება, იოლი გამარჯვება დაუთმოს რუსეთს, რომელიც აგებს ომს, რადგან რუსეთვის ის ფაქტი, რომ 2,5 წელიწადნახევრიანი ომის შემდეგ ვერ იგებს ომს, მაშინ როდესაც მას ეგონა, რომ სამ დღეში შეძლებდა, უკვე მარცხს წარმოადგენს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულებასთან სისტემაში სრული რეფორმაა საჭირო.

„ეს არის მოცემული ქართულ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა პროევროპულმა პარტიამ, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დაიწყონ მართლმსაჯულების სისტემის ღრმა რეფორმა. ჩემი იმპიჩმენტი მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა იყოს სამი მოსამართლე, რომლებიც ამ პროცესს გამოეყვნენ, რაც უკვე იძლევა იმედის საფუძველს. რეფორმა საჭიროა და საჭიროა სწრაფად. ასევე, სწრაფად უნდა განვაახლოთ ევროკავშირთან, ამერიკასთან დაახლოების პროცესი, უნდა განვაახლოთ სამხედრო წვრთნები, რომლებიც შეჩერდა არჩევნებამდე. ბევრი რამეა გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ ამას შევუდგებით. რაც შეეხება სააკაშვილს, სააკაშვილის სასამართლო დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროცესი. დღეს საქართველოს სასამართლოში არაფერია ისეთი, რასაც შეიძლება ვუწოდოთ სამართლიანი. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ შემდეგს“, – განაცხადა ზურაბიშვილი.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახლა საჭიროა მორალური მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისადმი და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებზე.

„სწორედ ამ გზით იგრძნობს საქართველოს მოსახლეობა, რომ მას მხარს უჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებს დიდად ვერაფრის შეცვლა შეუძლიათ, რადგან ისინი არ ერევიან არჩევნებში, მაგრამ მათი საქართველოში ყოფნა არის ნიშანი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. საქართველოსთვის, რომელიც პატარა ქვეყანაა, ყოველთვის არის რთული, როდესაც თავს იზოლირებულად გრძნობს. იზოლაციაშია ჩვენთვის არის ყველაზე საშინელი კოშმარი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.