საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ათონელის რეზიდენციაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იყო ძირითადი საკითხი, რაზეც პრეზიდენტთან ისაუბრეს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ მიაღწიონ იმას, რომ გააქტიურდეს ძალისხმევა ევროკავშირში პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში ვერ იქნება მოწოდება, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ყველა მოთხოვნის შესრულება. ამიტომ ახლა გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის იმპულსი. ერთი რამ ნათელია, ის (პრეზიდენტი) არ აპირებს, დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს, გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე პასუხი. ამ მოკლე, დარჩენილ რამდენიმე დღეში რა უნდა გავაკეთოთ, რომ დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს, ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ თემაზე პრეზიდენტთან საუბარი არ ყოფილა. ძნელია მოლოდინზე საუბარი, თუმცა ზუსტად ისე არის მოტივირებული, როგორც ჩვენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.