სალომე ზურაბიშვილი - მზად ვარ, როგორც კი დრო დადგება, განვახორციელო უკრაინაში ვიზიტი, რომელიც არა მხოლოდ „კოვიდის“ გამო გადაიდო
ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ამ პარტნიორობის დასუსტების ნებისმიერი ძალისხმევა უარყოფით გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესზე.
„გარდა ფეიკური და გამრუდებული ახალი ამბებისა, არის რეალური ახალი ამბები. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან, ვისთანაც გვაქვს საერთო წარსული და საერთო როლი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ნებისმიერი ძალისხმევა, შესუსტდეს აღნიშნული პარტნიორობა იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადასინჯოს პარტნიორობა, ასოცირებული წევრების ადგილი და მომავალი, როდესაც მოხდება პარტნიორებთან მომავალი ურთიერთობების დიზაინირება, ზეგავლენას მოახდენს და შეასუსტებს ჩვენი, ორივე ქვეყნის გავლენას ამ გადამწყვეტი დებატების თვალსაზრისით, დებატების დროს. პროვოკაციული ტონი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ამ მთავრობის დახასიათება, როგორც არალეგიტიმურის, რომელიც მოდის უცხოელი მოქალაქეებისგან, რომელიც მუშაობს უცხოურ მთავრობაში, აზიანებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. მინდა, გთხოვოთ თქვენ, მთავრობებს და აქ წარმომადგენლებს, რომ ზეგავლენა მოახდინოთ იმ თვალსაზრისით, როგორ ვითარდება და როგორ იმართება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები ორივე ქვეყნის მომავალი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, შესაძლებლობისთანავე განახორციელოს ვიზიტი უკრაინაში.
„მე პირადად მზად ვარ, როგორც კი დრო დადგება, განვახორციელო ვიზიტი, რომელიც „კოვიდის“ გამო, დიდი ხანია, გადაიდო და არა მხოლოდ „კოვიდის“ გამო. ვეცდები, აღვადგინო ურთიერთობები იმ საფუძველზე, რომელიც შეესაბამება ჩვენ ტრადიციულ, მეგობრულ კავშირებს ქვეყნებს შორის. აღნიშნული ურთიერთობა გადამწყვეტია ჩვენი საერთო წარსულის, ჩვენი კურსისთვის ევროკავშირისა და ნატო-სკენ, ასევე შავ ზღვაზე ჩვენი პროექტების მნიშვნელობისთვის, საქართველოსა და უკრაინის საერთო მიდგომებთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან, რუმინეთთან, ბულგარეთთნ და, რა თქმა უნდა, თურქეთთან. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა. დისკუსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.