სალომე ზურაბიშვილი - მსოფლიოში სოლიდარობა დარღვეულია, როცა საქმე რუსეთს ეხება
კარგია, რომ დიდი ბრიტანეთის კონტექსტში საქართველოს სიტუაციას იხსენებენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ მხოლოდ მაშინ არ გაიხსენებენ, როცა თავად უჭირთ და ასეთ მდგომარეობაში არიან – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა, რომელიც გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის, ჯონათან ალენის განცხადებას გამოეხმაურა.
ზურაბიშვილის თქმით, საჭიროა, რომ სოლიდარობა საქართველომაც გამოხატოს, მაშინ, როცა მსოფლიოში ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხდება.
„საყურადღებო მომენტია, რომ ამ შემთხვევაში, ამერიკამ ბრიტანეთს სოლიდარობა არ გამოუცხადა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეფასება არ გააკეთა. უფრო სწორად, შეფასებისგან თავი შეიკავა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მისი მთავარი პარტნიორი ამ მდგომარეობაშია. მსოფლიოში ეს სოლიდარობა საკმაოდ დარღვეულია, როცა საქმე რუსეთს ეხება. ყველა თავის ინტერესებს უფრო იცავს, ვიდრე ზოგად სოლიდარობას, რაც მოცემულობაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეკითხვაზე – რამდენად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის აქტუალიზაცია, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ქართული დიპლომატია მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს, რომ საქართველოს საკითხი დავიწყებას არ მიეცეს.
„ეს ერთი მოვლენაა, რომელიც ხვალ დაავიწყდებათ, როგორც დღეს გაახსენდათ. ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საქმე მხოლოდ ამ ტიპის სოლიდარობით არ კეთდება. დღეს ახსენდებათ, ხვალ ავიწყდებათ. ყველა ქვეყანა იმის მიხედვით მოძრაობს, სადაც მათი მთავარი ინტერესებია და ესეც გასაგებია და უნდა ვიცოდეთ. ამაზე ცოტა რეალისტური მიდგომაცაა საჭირო. ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყო, რომ შენი საკითხი არ დაივიწყონ, მაგრამ გააქტიურება მხოლოდ ასეთი განცხადებებით არ არის. სულ, მუდამ ვეხვეწებით – აი, განცხადება გააკეთეთ და ჩვენი საკითხები გაიხსენეთ. გააქტიურება სხვა ფორმითაც შეიძლება, ჩვენ მსოფლიო მოვლენებში უფრო უნდა ვიყოთ ჩართული. მათ შორის, მედია. როცა მედიაგამოშვებებს ვუყურებთ, უცხოეთი საერთოდ გვავიწყდება. უცხოეთს ძალიან ცოტა ყურადღებას ვაქცევთ და ყოველთვის ვითხოვთ, რომ საქართველო სხვებმა გაიხსენონ და ჩვენ არ ვიცით, რა ხდება. აქცენტი სირიაზე მაქვს. ბოლო პერიოდში, სრული ტრაგედია დატრიალდა და პრაქტიკულად, ეს ჩვენს ტელევიზიებს არ ახსოვთ“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ჯონათან ალენმა განაცხადა, რომ რუსეთი აბუჩად იგდებს საერთაშორისო სამართალს, რაც ყველაზე ცხადად მსოფლიომ ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში დაინახა.