სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება
სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება

დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის სამომავლო სახე დღეს იკვეთება.

„ახლახან, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა 27 ქვეყანას საგანგებოდ მიმართა და შესთავაზა ახალი ევროპის კონცეფცია – „ყველასთვის ღია ევროპა“, რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს.

იგი გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ „სხვადასხვა სიჩქარით“ წინ მიმავალ ევროპაში. ასეთ გზაზე ნაწილობრივ უკვე ვდგავართ, გავხდით მთელი რიგი პროგრამებისა და ფორმატების მონაწილე და მივისწრაფვით სხვა მიმართულებებში ჩართვისკენ. ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ „შესვლის“ გამოცდილება გვაქვს განათლების, უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ვართ ევროპოლის სრულყოფილი წევრი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველო სრულფასოვნად უნდა იყოს ინტეგრირებული ევროპის კულტურულ სივრცეში.

„ვითხოვთ, საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროპის კულტურულ სივრცეში. ჩვენ მიმართ მაღალია მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან, რათა გაითვალისწინონ ჩვენი, როგორც ასოცირებულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული წევრის, განსაკუთრებული პოზიცია. ამ მზადყოფნის დასტურია ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული ჩვენი გზავნილი: „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა – საქართველოში“, – აღნიშნა საპარლამენტო გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ასევე პოზიტიური განწყობის ნიშანია საქართველოს პარტნიორების მიერ დაანონსებული, მაღალი რანგის წარმომადგენლობითი მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაზე, სადაც საქართველოს საკუთარი პოზიციების დროულად წარდგენის შესაძლებლობა ეძლევა.

„დროულად, რამეთუ წლის ბოლოსთვის იგეგმება საფრანგეთის მიერ ორგანიზებული მასშტაბური „კონფერენცია ევროპისთვის“, სადაც ახალი ევროპის კონცეფციას ხორცი უნდა შეესხას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი საქართველოს ახალ პერსპექტივებს უსახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიზიკურ კავშირს აყალიბებს.

„აზერბაიჯანში ვიზიტისას დიდი ინტერესი იყო გამოხატული ტრანსკასპიური და შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ერთობლივი გამოყენების კუთხით”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.