სალომე ზურაბიშვილი ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში ესტონეთის მიღწევებს გაეცნო
სალომე ზურაბიშვილი ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში ესტონეთის მიღწევებს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით ესტონეთის მიღწევებს გაეცნო.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი „ი-ესტონიას“ (E-Estonia ) საინფორმაციო ცენტრს ეწვია, სადაც პრეზენტაცია გაიმართა იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია ესტონეთმა ევროპაში პირველობას ციფრული მიმართულებით.

პრეზიდენტს ესტონეთში შემუშავებული სხვადასხვა სახის ციფრული პროდუქცია გააცნეს, რომელსაც ესტონეთი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს სთავაზობს.

„ჩვენ ყოველდღიურად ვმასპინძლობთ საერთაშორისო დელეგაციებს და ვუყვებით მათ ესტონეთის ციფრულ ცხოვრების შესახებ, ვმუშაობთ კერძო და საჯარო სექტორებთან. საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი ახალი მიღწევები გავაცანით, თუ რა შეიცვალა ბოლო წლებში და აგრეთვე, მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდება ციფრული მიმართულებით ესტონეთი”- აღნიშნა საინფორმაციო ცენტრ „ი-ესტონიას“ ხელმძღვანელმა ლინა მარია ლეპიკმა.

სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო. ესტონეთის პირველმა პირმა, კერსტი კალიულაიდმა მას ტალინში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. ასევე სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად, მიკელის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა „მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასს შეხვდა, რომელიც ივლისში ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია.  ვიზიტს პრეზიდენტი ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობით დაასრულებს, სადაც ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ევროპის მომავალზე იმსჯელებს.