სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გვწამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში
ჩვენ გვწამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზურაბიშვილის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
„ომი არა უკრაინაში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ 800 დღეზე მეტია გრძელდება. უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის, განადგურებისა და ეკონომიკის ნგრევის 800 დღე. 800 დღეა, უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. ჩემი ქვეყანა, საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, რომელიც ჩვენც გამოვიარეთ. „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ეს ფილმის სათაურია. და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ასე რომ, ჩემი ქვეყანა იზიარებს ადამიანების განადგურებისა და ბავშვების იძულებით გადაყვანის გამო გამოთქმულ იმ შეშფოთებას, რომელშიც დღეს უკრაინა ცხოვრობს. ჩემი ქვეყანა იზიარებს შეშფოთებებს არასტაბილურობისა და კონფრონტაციის შესახებ, რაც რუსეთმა, თანამშრომლობის ნაცვლად, შავ ზღვაზე შემოიტანა; ასევე ახდენს შავი ზღვის მილიტარიზაციას, როდესაც გეგმავს ახალი, დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ჩემი ქვეყანა იზიარებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებებს ჩერნობილის კატასტროფის შედეგების განცდის შემდეგ.
ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ მას, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს საზღვრები და ჰყავს მეზობლები. საერთაშორისო საზოგადოება და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა დიდი ქვეყნები, და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა, აღიარებენ თავიანთ მეზობლებს, პატივს სცემენ მათ და მათ ტერიტორიულ მთლიანობას. Слава Україні!“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.